საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

 დეკანის ბრძანება

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

დასკვნითი გამოცდებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვების ჩატარების წესის შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის 245/01-01,  2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამოცდები და სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ფაკულტეტზე ჩატარდეს დისტანციურად.

2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი და წესი:

1) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი და დამატებითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე და ასევე, სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ხორციელდება მხოლოდ, e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მოითხოვოს მიკროფონისა და კამერის ჩართვა.

2) დაუშვებელია სოციალური ქსელების გამოყენება გამოცდის ჩატარების მიზნით. ლექტორები და სტუდენტები კომუნიკაციისთვის სარგებლობენ თსუ ელ-ფოსტით და elearning-ის პლატფორმით (და არა - ფეისბუკით ან პირადი ელფოსტით). 

3) დასკვნითი და დამატებითი წერითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. დამატებითი და ძირითადი გამოცდა უნდა იყოს ანალოგიური და შეესაბამებოდეს სილაბუსით გაწერილ ფორმატს.

4) ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.

5) ფაკულტეტზე ბაკალავრიატის (ფსიქოლოგიისა და განათლების დეპარტამენტი) პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებისა და ასევე, ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.

6) გამოცდის დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები სემესტრის დასრულებისთანავე წერილობით, წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge

3. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

თუ გამოცდის მიმდინარეობის დროს სტუდენტთან დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი (დენის, ინტერნეტის გათიშვა), მაშინ ის ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პედაგოგს და/ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით აგზავნის განცხადებას ფაკულტეტზე.

4. გამოცდის გადავადება, საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება,  სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა.

1) გამოცდის გადავადება, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და  თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).

2) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) ძირითადი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი.

5. საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება. 

1) სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.

2) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის.

3) საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.

6. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

1) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.

2) სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.

3) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.

4) სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

7. საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელება, პერსონალური მონაცემების დაცვა

1) სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.

2) წერითი და ზეპირი გამოცდის, ასევე, სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.

8. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე